5. გორიჯვრის ტაძრის საკურთხეველში ჯვარია
აღმართული. მისი სიგრძე 188 სანტიმეტრია, სიგანე
– 94. ჯვრის ცენტრალური ხატება ეძღვნება იესო
ქრისტეს ჯვარცმას, ხოლო დანარჩენ ნაწილებზე
გამოხატულია წმინდა გიორგის ცხოვრებისა და
წამების კომპოზიციები. თითოეულს თან ახლავს
მოკლე განმარტებები ასომთავრული წარწერებით.
ჯვარზე კიდევ 14 კომპოზიციაა. ეს ჯვარი წმინდა
ნინოს სახელს უკავშირდება. წმინდანი ქალწულის
დიდი ძალისხმევით მაშინდელ საქართველოში სამი
ჯვარი აღიმართა – მცხეთაში, თხოთის მთაზე და
უჯარმაში. ამ ჯვრების მონარჩენი ნაჭრებიდან კი
შეიქმნა გორიჯვრის ჯვარი მე–4 საუკუნის პირველ
ნახევარში.
მეფე ალექსანდრე პირველმა გორიჯვრის ხის ჯვარი
ვერცხლის ფირფიტებით შეამკობინა ქართველ
ოსტატს. მე–20 საუკუნის დასაწყისში ჯვარი თავადი
ამილახვრის კუთვნილ პატარა ეკლესიაში მოხვდა.
ახლა იგი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო
მუზეუმშია დაცული, გორიჯვარში კი მისი ასლი
დგას.
6. გადმოცემის თანახმად,
გორიჯვრის მონასტერი,
რომელიც გორს მაღლიდან
გადმოსცქერის, აგებულია მე–4
საუკუნეში და მის საძირკველში
წმინდა გიორგის თავის ქალა
განისვენებდა. ტაძარიც წმინდა
გიორგის სახელს ატარებს. არ
არის ცნობილი, ვინ ააშენა,
თქმულება კი თამარ მეფეს
მიაწერს. როგორც ვარაუდობენ,
უფრო ხანდაზმულია. ამბობენ,
რომ გორიჯვრის წმინდა
გიორგის ეკლესია აიგო იქ,
სადაც უხსოვარ დროს
წარმართული კერპი იყო
აღმართული.